კოდი შეიძლება გამოგტყუონ, უსაფრთხოების გასაღები კი ვერა. დაამატეთ გასაღებები, ჩართეთ ყველაზე მკაცრი პარამეტრები და დაგეგმეთ, როგორ დაბრუნდებით ანგარიშში, თუ გასაღებებს დაკარგავთ.
ეს გზამკვლევი მათთვისაა, ვინც შეიძლება მიზანმიმართული თვალთვალის ან თავდასხმის სამიზნე გახდეს. სრულ უსაფრთხოებას ვერც ერთი ჩამონათვალი ვერ მოგცემთ: რა გჭირდებათ, თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დაიწყეთ აქედან: შეაფასეთ თქვენი რისკები.
60 წთ
8 ნაბიჯი
გადამოწმდა
ანგარიშების გზამკვლევში საფუძვლებია აღწერილი: პაროლების მენეჯერი, ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია და სარეზერვო კოდები. ჯერ ის გაიარეთ. ეს გზამკვლევი მათთვისაა, ვინც ელის, რომ მის ანგარიშებში შეღწევას ვიღაც დაჟინებით შეეცდება. აქ კოდებს, რომლებიც შეიძლება გამოგტყუონ, გასაღებებით ცვლით, რომლებსაც ვერ გამოგტყუებენ, და რთავთ ყველაზე მკაცრ პარამეტრებს, რომლებსაც Google, Apple და Meta გთავაზობთ. ოღონდ რაც უფრო მკაცრია პარამეტრები, მით უფრო ადვილია, ანგარიში თავად ჩაგეკეტოთ. ამიტომ, სანამ რამეს შეცვლით, წაიკითხეთ დაგეგმეთ, როგორ დაბრუნდებით ანგარიშში.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
შესვლის ყალბმა გვერდმა შეიძლება პაროლიც მოგთხოვოთ და SMS-ით ან ავთენტიფიკატორი აპლიკაციით მიღებული კოდიც, და ორივე მაშინვე ნამდვილ საიტს გადასცეს. უსაფრთხოების გასაღები და passkey მხოლოდ იმ საიტზე მუშაობს, რომელზეც დაარეგისტრირეთ, ამიტომ ასე ვერ გამოგტყუებენ. CISA ურჩევს ადამიანებს, რომლებსაც უმიზნებენ, სწორედ ისინი გამოიყენონ, SMS კი არა: ვისაც სატელეფონო ქსელზე წვდომა აქვს, SMS კოდებს წაიკითხავს, ნომერი კი შეიძლება სხვა SIM ბარათზე გადაიტანონ.
ყველა ანგარიში
უსაფრთხოების გასაღები ან passkey ჯერ ყველაზე მნიშვნელოვან ანგარიშებს დაამატეთ: ელფოსტას, Google-ს ან Apple-ს, პაროლების მენეჯერს, სოციალურ ქსელებს. Passkey-ის საფუძვლებისთვის ნახეთ სადაც შესაძლებელია, გადადით passkey-ზე.
CISA ყველაზე ეფექტურად ფიზიკურ უსაფრთხოების გასაღებს მიიჩნევს, passkey-ს კი მისაღებ ალტერნატივად.
როცა გასაღები ან passkey ამუშავდება, მეორე საფეხურიდან SMS ამოიღეთ, თუ სერვისი ამის საშუალებას გაძლევთ: ნახეთ სადაც შეგიძლიათ, SMS ამოიღეთ.
თუ ანგარიშს პაროლი ჯერ კიდევ აქვს, ყალბმა საიტმა შეიძლება გითხრათ, რომ passkey-მ არ იმუშავა, და პაროლი მოგთხოვოთ: ნუ აკრეფთ. პაროლების მენეჯერში შენახულ passkey-ს ყველა გამოიყენებს, ვინც ამ მენეჯერში შევა. გასაღები მხოლოდ ახალ შესვლას იცავს. Google აღნიშნავს, რომ მოწყობილობამ, რომელზეც ანგარიშიდან არ გამოსულხართ, გასაღები შეიძლება აღარ მოითხოვოს. ამიტომ ვისაც თქვენი განბლოკილი ტელეფონი უჭირავს, მას ეს დაცვა ვეღარ აჩერებს.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
უსაფრთხოების გასაღები პატარა მოწყობილობაა, რომელსაც მოწყობილობაში აერთებთ ან ტელეფონს ადებთ. შეიძინეთ ორი და ორივე დაარეგისტრირეთ: ერთი თან ატარეთ, მეორე უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. Apple სულ მცირე ორს ითხოვს, Google კი სათადარიგო გასაღებს გირჩევთ. სანამ იყიდით, შეამოწმეთ, ერგება თუ არა მისი შესაერთებელი თქვენს მოწყობილობებს: Apple-ის თქმით, გასაღები, რომელსაც NFC-იც აქვს და USB-C-იც, მისი მოწყობილობების უმეტესობასთან მუშაობს. Passkey-ის გასაღებზე შესანახად Google-ს ისეთი გასაღები სჭირდება, რომელსაც FIDO2-ის მხარდაჭერა აქვს.
Google
Google-ის ანგარიშში გახსენით Security & sign-in. How you sign in to Google-ში აირჩიეთ Passkeys and security keys, შემდეგ Create a passkey და დაამატეთ თქვენი გასაღებები.
ახალი გასაღებით შესვლა შეიძლება მხოლოდ 7 დღის შემდეგ შეძლოთ. თუ სანდო გასაღები ან passkey უკვე გაქვთ, შეიძლება ახალი გასაღები უფრო ადრეც დაადასტუროთ. გასაღებები მოგზაურობამდე კარგა ხნით ადრე დაამატეთ.
Apple
ყველა მოწყობილობაზე, რომლითაც Apple Account-ში ხართ შესული, უნდა ეყენოს iOS 16.3, macOS Ventura 13.2 ან უფრო ახალი ვერსია.
iPhone-ზე გახსენით Settings, დააჭირეთ თქვენს სახელს, შემდეგ Sign-in & Security → Two-Factor Authentication → Security Keys → Add Security Keys-ს. Mac-ზე: System Settings, თქვენი სახელი, Sign-in & Security → Two-Factor Authentication, შემდეგ Security Keys-ის გვერდით Set Up.
დაყენებისას ანგარიშიდან გამოხვალთ იმ მოწყობილობებზე, რომლებიც 90 დღეა არ გამოგიყენებიათ. ძველი მოწყობილობებით, რომლებიც აღარ ახლდება, ანგარიშში ვეღარ შეხვალთ.
ამის შემდეგ ანგარიშში მხოლოდ გასაღებით ან Apple-ის სანდო მოწყობილობით შეხვალთ. Apple აფრთხილებს, რომ თუ ყველა გასაღებსა და სანდო მოწყობილობას დაკარგავთ, ანგარიში შეიძლება სამუდამოდ ჩაგეკეტოთ.
Microsoft
გახსენით Advanced Security Options მისამართზე account.live.com/proofs/manage, აირჩიეთ Add a new way to sign in or verify, შემდეგ Face, Fingerprint, PIN, or Security Key და passkey შეინახეთ Security key-ზე.
Facebook
გახსენით Settings & Privacy → Settings, შემდეგ Accounts Center → Password and security ან Meta Account → Login and security (შეიძლება ერთი გამოჩნდეს, შეიძლება მეორე). აირჩიეთ Two-factor authentication, შემდეგ Security key (ან Security keys) და Register security key.
Facebook ამბობს, რომ გასაღები პაროლს ვერ ჩაანაცვლებს, და გთხოვთ, სათადარიგოდ ორსაფეხურიანი ვერიფიკაციის მეორე მეთოდიც დატოვოთ.
გასაღები მხოლოდ იმ ანგარიშებს იცავს, რომლებზეც დაამატებთ, და მხოლოდ მაშინ, როცა შესვლისას მას გთხოვენ.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
რაც უფრო დაცულია ანგარიში, მით უფრო რთულია მასში დაბრუნება. წინასწარ მოემზადეთ, სანამ ეს დაგჭირდებათ.
ყველა ანგარიში
მეორე გასაღები, ამობეჭდილი სარეზერვო კოდები (Advanced Protection-ში ჩართულ Google-ის ანგარიშს ასეთი კოდები არ აქვს) და აღდგენის გასაღები, თუ გაქვთ, ტელეფონისგან ცალკე, ერთზე მეტ ადგილას შეინახეთ: Apple გირჩევთ, ერთი სახლში იყოს, მეორე სამსახურში.
Apple-ის აღდგენის გასაღებს ნუ შეინახავთ Apple Passwords-ში, Notes-ში, iCloud Drive-სა ან Photos-ში: თუ ანგარიში ჩაგეკეტებათ, მათ ვერ გახსნით. ამობეჭდეთ ან ჩაიწერეთ.
Google-ის ანგარიშს აღდგენის კონტაქტი დაუმატეთ: ნახეთ იზრუნეთ, რომ ანგარიშში დაბრუნება შეძლოთ. მის გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა ეს ადამიანი მოწვევას დაეთანხმება და ამის შემდეგ 7 დღე გავა.
იცოდეთ, რამდენ ხანს მოგიწევთ ლოდინი. თუ გასაღებებს დაკარგავთ, Google-ს რამდენიმე დღე სჭირდება იმის შესამოწმებლად, რომ ეს ნამდვილად თქვენ ხართ. Apple-ის ანგარიშის აღდგენას შეიძლება რამდენიმე დღე ან მეტი დასჭირდეს. თუ ლოდინის დროს Apple-ის სხვა მოწყობილობას გამოიყენებთ, რომლითაც ანგარიშში ხართ შესული, მოთხოვნა გაუქმდება. თუ აღდგენის გასაღები ან უსაფრთხოების გასაღებები გაქვთ დაყენებული, ანგარიშის აღდგენის იმედი ნუ გექნებათ.
თუ ტელეფონი ან კომპიუტერი, რომლითაც ანგარიშში ხართ შესული, დაკარგეთ, მოგპარეს ან წაგართვეს, ჩათვალეთ, რომ მასზე არსებული ანგარიშები გატეხილია: მიჰყევით გზამკვლევს თუ თქვენი ანგარიში გატეხეს.
სარეზერვო კოდებსა და აღდგენის გასაღებს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც თქვენს პაროლს: ვინც მათ იპოვის, ანგარიშში შევა. ისევე ფრთხილად შეინახეთ, როგორც გასაღებები.
აუცილებელი
მონიშნეთ შესრულებულად
Google Advanced Protection-ს ურჩევს ჟურნალისტებს, აქტივისტებს, საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებს და ყველას, ვისაც მიზანმიმართული თავდასხმა სხვებზე მეტად ემუქრება, CISA კი Gmail-ის მომხმარებლებს. პროგრამა უფასოა.
Google
დაწყებამდე დაამატეთ აღდგენის ელფოსტა და ტელეფონის ნომერი, ჩართეთ ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია და მოამზადეთ ორი უსაფრთხოების გასაღები ან passkey.
რა იცვლება: ყოველი ახალი მოწყობილობიდან შესასვლელად გასაღები ან passkey დაგჭირდებათ. Google-ში შენახულ თქვენს მონაცემებზე წვდომა მხოლოდ Google-ის და შემოწმებულ (verified) აპლიკაციებს ექნება. აპლიკაციის პაროლები (app passwords) აღარ იმუშავებს, ამიტომ ელფოსტის ზოგი აპლიკაცია წვდომას დაკარგავს. Android-ზე ახალ აპლიკაციებს მხოლოდ Google Play-დან და ტელეფონზე თავიდანვე დაყენებული მაღაზიებიდან დააყენებთ. Chrome-მა შეიძლება შემოგთავაზოთ, რომ ჩამოტვირთული ფაილი, რომელსაც თავად ვერ ამოწმებს, შესამოწმებლად Google-ს გაუგზავნოს. ანგარიშის აღდგენას დამატებითი შემოწმება და რამდენიმე დღე დასჭირდება.
Google გირჩევთ, პროგრამაში სამსახურის ანგარიშიც ჩართოთ და პირადიც.
მოგზაურობისას გასაღები თან წაიღეთ.
Facebook
Facebook Advanced Protection-ს იმ ანგარიშებს სთავაზობს, რომლებსაც მეტი საფრთხე ემუქრება, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისას. ზოგი ანგარიშისთვის ის სავალდებულოა და მისი გამორთვა არ შეიძლება.
თუ Facebook მის ჩართვას გთხოვთ, Feed-ში გამოჩენილ შეტყობინებაზე დააჭირეთ Get Started-ს და მიჰყევით ნაბიჯებს. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ: თუ თქვენი ანგარიშისთვის ეს სავალდებულოა და დაყენებას არ დაასრულებთ, შეიძლება ანგარიშზე წვდომა დაკარგოთ. შეტყობინება აპლიკაციაში გახსენით და არა წერილში მოსული ბმულით. ამის შესახებ ნამდვილი წერილები მისამართიდან security@facebookmail.com მოდის.
ეს ანგარიშს იცავს და არა ტელეფონს. ტელეფონის დასაცავად ნახეთ ჩართეთ Advanced Protection Android-ზე. ის ვერ დაგიცავთ იმისგან, ვისაც უკვე ხელში აქვს თქვენი მოწყობილობა, რომლითაც ანგარიშში ხართ შესული.
რეკომენდებული
მონიშნეთ შესრულებულად
Apple მათ, ვისაც საფრთხე ემუქრება, კიდევ ორ რამეს სთავაზობს: Advanced Data Protection-ს, რომელიც iCloud-ის უფრო მეტ მონაცემს შიფრავს ბოლომდე, და აღდგენის გასაღებს. უსაფრთხოების გასაღებები ზემოთაა აღწერილი.
Apple Account
ჩართეთ Advanced Data Protection: iPhone-ზე Settings, თქვენი სახელი, iCloud → Advanced Data Protection → Turn on Advanced Data Protection. მანამდე აღდგენის კონტაქტი ან აღდგენის გასაღები უნდა გქონდეთ დაყენებული.
ის 25 სახის მონაცემს შიფრავს ბოლომდე, მათ შორის iCloud Backup-ს, Photos-ს, Notes-სა და iCloud Drive-ს. მასში არ შედის iCloud Mail, Contacts, Calendars, Shared Albums, iWork-ში ერთობლივი მუშაობა და ის, რაც „anyone with the link“-ით გააზიარეთ. გაზიარებული საქაღალდეები, ჩანაწერები და ფოტობიბლიოთეკები ბოლომდე დაშიფრული მხოლოდ მაშინ რჩება, თუ Advanced Data Protection ყველას აქვს ჩართული, ვისაც უზიარებთ. ზოგ დეტალს, მაგალითად მოწყობილობებისა და ფაილების სახელებს, Apple მაინც ხედავს.
როცა ის ჩართულია, iCloud.com თქვენს მონაცემებს ვერ ხსნის, თუ ამის ნებას არ დართავთ, და Apple თქვენს მონაცემებს ვერ აღგიდგენთ.
აღდგენის გასაღები სავალდებულო არ არის: Settings, თქვენი სახელი, Sign-in & Security → Recovery Key. ის თიშავს ანგარიშის აღდგენის ჩვეულებრივ გზას, რომელსაც Apple გთავაზობთ. გასაღები მხოლოდ თქვენს ერთ-ერთ სანდო ტელეფონის ნომერთან და Apple-ის მოწყობილობასთან ერთად მუშაობს, ამიტომ ამ ნომრის საფასური დროულად იხადეთ და ხელიდან არ გაუშვათ. თუ გასაღებს დაკარგავთ, ანგარიში სამუდამოდ ჩაგეკეტებათ. თუ მის უსაფრთხოდ შენახვას ვერ შეძლებთ, აღდგენის კონტაქტი გამოიყენეთ.
თუ iPhone-ზე Google-ს იყენებთ, Google-ის თქმით, iCloud-ის სარეზერვო ასლში შეიძლება თქვენი Google-ის ანგარიშში შესვლის მონაცემებიც ინახებოდეს, ამიტომ ვინც iCloud-ში შევა, შეიძლება Google-შიც შევიდეს. Google გირჩევთ, უსაფრთხოების გასაღებები Apple Account-საც დაამატოთ.
Advanced Data Protection იცავს მონაცემებს Apple-ის სერვერებზე და არა განბლოკილ ტელეფონზე.
რეკომენდებული
მონიშნეთ შესრულებულად
გასაღების დამატებით SMS არ უქმდება. CISA აფრთხილებს, რომ თუ SMS-ით შესვლა ჩართული დარჩა, ეს სუსტი წერტილია, რომლითაც თავდამსხმელმა შეიძლება ისარგებლოს. ზოგი სერვისი ანგარიშის აღსადგენად მაინც SMS-ს იყენებს, ამიტომ შეიძლება მისი სრულად მოშორება ვერ შეძლოთ.
Google
როცა გასაღებები ამუშავდება, გახსენით 2-Step Verification-ის გვერდი და მეორე საფეხურიდან ტელეფონი ამოიღეთ, თუ Google გაძლევთ საშუალებას, მხოლოდ გასაღებები და passkey დატოვოთ.
Apple
Apple-ს სულ მცირე ერთი სანდო ტელეფონის ნომერი სჭირდება. თუ გაქვთ მეორე ნომერი, რომელიც თქვენს iPhone-ში არ არის, დაამატეთ აქ: Settings, თქვენი სახელი, Sign-In & Security → Two-Factor Authentication.
Microsoft
Microsoft ამბობს, რომ პირად ანგარიშებზე SMS-ს ეტაპობრივად აუქმებს. სანამ თქვენს ანგარიშზე ის ჯერ კიდევ მუშაობს, უპაროლო (passwordless) ანგარიშში SMS კოდით შესვლა მაინც შეიძლება. დაამატეთ passkey და დადასტურებული ელფოსტა, შემდეგ კი Advanced Security Options-ში ტელეფონის ნომერი წაშალეთ.
მობილური ოპერატორი
ოპერატორს ჰკითხეთ, შეგიძლიათ თუ არა ისეთი PIN კოდი ან პაროლი დააყენოთ, რომლის გარეშეც SIM ბარათს ვერ შეცვლიან და ნომერს ვერ გადაიტანენ. ამას CISA-ც გირჩევთ და EFF-იც. რას გთავაზობენ ქართული ოპერატორები, ამ გზამკვლევისთვის არ შეგვიმოწმებია.
Magti-ში SIM ბარათის eSIM-ით შეცვლა MyMagti-დან შეიძლება, ამიტომ MyMagti-ის ანგარიში ისევე დაიცავით, როგორც ელფოსტა.
თქვენი ნომრით ზოგ ანგარიშში აღდგენის გზით მაინც შეიძლება შესვლა, ოპერატორი კი თქვენს SMS-ებს მაინც ხედავს.
რეკომენდებული
მონიშნეთ შესრულებულად
დროდადრო გადახედეთ ანგარიშების აქტივობის გვერდებს და გაფრთხილებებზე მაშინვე იმოქმედეთ.
Google
Security & sign-in-ში იპოვეთ Recent security events და აირჩიეთ Review security events. ყველაფერზე, რასაც ვერ ცნობთ, აირჩიეთ No, it wasn't me.
myaccount.google.com/security-ზე გახსენით Recent security activity. თუ შესვლის რომელიმე მეთოდი მონიშნულია და თქვენ არ დაგიმატებიათ, აირჩიეთ Remove.
Microsoft
გახსენით Recent activity გვერდი account.live.com/Activity-ზე. ის ბოლო 30 დღეს აჩვენებს. უჩვეულო აქტივობაზე აირჩიეთ This wasn't me ან This was me.
მობილური ქსელების, მოგზაურობის, VPN-ისა და Tor-ის გამო შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს სხვა ადგილიდან შეხვედით.
ყველა ანგარიში
თუ შესვლის დადასტურების მოთხოვნა მოგივიდათ, თქვენ კი არსად შედიოდით, ნუ დაადასტურებთ და პაროლი შეცვალეთ.
კოდი არავის მისცეთ, თუნდაც კომპანიის სახელით გთხოვონ.
აქტივობის გვერდები ყველაფერს არ აჩვენებს: ამას თავად Microsoft ამბობს. თუ გვერდზე საეჭვო არაფერია, ეს არ ამტკიცებს, რომ ანგარიშზე წვდომა სხვას არ აქვს.
დამატებითი
მონიშნეთ შესრულებულად
თუ საჯარო საქმიანობას ეწევით, NCSC გირჩევთ, სამსახურისთვის და პირადი ცხოვრებისთვის ცალ-ცალკე ანგარიშები გქონდეთ. თუ ანგარიში თქვენთან არავინ უნდა დააკავშიროს, მას ცალკე ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, ფოტოები და კონტაქტები სჭირდება.
ყველა ანგარიში
გამოიყენეთ ცალკე ელფოსტა და, თუ შეგიძლიათ, ტელეფონის ნომერს ნუ მიუთითებთ. ორივეთი შეიძლება ანგარიშები ერთმანეთს დააკავშირონ. თუ ორსაფეხურიან ვერიფიკაციას SMS-ით იყენებთ, კომპანიას თქვენი ნომერი აქვს.
გამოიყენეთ პროფილის ფოტო, რომელსაც სხვაგან არსად იყენებთ.
ერთი ანგარიშიდან მეორეს ნუ გამოიწერთ, მის პოსტებს ნუ მოიწონებთ და ნუ გააზიარებთ. ეცადეთ, ორივე ანგარიში ერთსა და იმავე ადამიანებს არ ჰქონდეთ გამოწერილი.
თუ ცალკე ნომერს იყენებთ, მისი საფასური ყოველთვის იხადეთ. ნომერი, რომელზეც უარს იტყვით, შეიძლება სხვას მისცენ, მასთან დაკავშირებული ანგარიშის აღდგენა კი გართულდება.
თითოეული იდენტობისთვის ცალკე ბრაუზერი ან ბრაუზერის პროფილი გამოიყენეთ. თუ უფრო მკაცრად გინდათ გამიჯვნა, ცალ-ცალკე მოწყობილობა გამოიყენეთ.
ცალ-ცალკე ანგარიშებიც შეიძლება ერთმანეთს დააკავშირონ: Google-ს შეუძლია Android ტელეფონზე დადასტურებული ნომერი დაუმატოს Google-ის ნებისმიერ ანგარიშს, რომლითაც ამ ტელეფონზე ხართ შესული. ანგარიშების დაკავშირება იმითაც შეიძლება, რომ მათ ერთი და იმავე ინტერნეტკავშირიდან იყენებთ.
საჩვენებელი ნაბიჯი არ არის. დანარჩენის სანახავად გამორთეთ ფილტრი.