ანგარიშის გასატეხად რთული ჰაკინგი იშვიათადაა საჭირო. თავდამსხმელები სხვა საიტებიდან გაჟონილ პაროლებს ცდიან ან ადამიანს ისე ატყუებენ, რომ შესვლის კოდს თავად აძლევს. ეს გზამკვლევი ამ გზებს გადაკეტავს. ოთხ აუცილებელ ნაბიჯს დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება. დაიწყეთ ელფოსტით: ვინც ელფოსტას ჩაიგდებს ხელში, თქვენი სხვა ანგარიშების პაროლებსაც შეცვლის.

აუცილებელი

მონიშნეთ შესრულებულად

პაროლების მენეჯერი თითოეული ანგარიშისთვის გრძელ, განსხვავებულ პაროლს ქმნის, ინახავს და შესვლისას თქვენ მაგივრად წერს. თქვენ მხოლოდ ერთი მთავარი პაროლი უნდა გახსოვდეთ, ან სულაც მხოლოდ ტელეფონის ეკრანის დაბლოკვის კოდი. ადამიანების უმეტესობას ტელეფონში ჩაშენებული მენეჯერიც სავსებით ეყოფა. ცალკე აპლიკაცია მაშინ გამოგადგებათ, თუ Apple-ის მოწყობილობებთან ერთად Android-ს ან Windows-საც იყენებთ: Bitwarden-ისა და Proton Pass-ის კოდი ღიაა, ორივე დამოუკიდებელმა აუდიტორებმა შეამოწმეს და ორივეს უფასო ვერსია აქვს. 1Password-იც შემოწმებულია, მაგრამ მისი კოდი ღია არ არის.

თუ მენეჯერს საკუთარი მთავარი პაროლი აქვს, სულ მცირე ექვსი შემთხვევითი სიტყვისგან შეადგინეთ. სიტყვებს თავად ნუ აირჩევთ: ეს მენეჯერის გენერატორს მიანდეთ. პაროლი შეგიძლიათ ქაღალდზეც ჩაიწეროთ, ოღონდ ქაღალდი სახლში, უსაფრთხო ადგილას შეინახეთ.

iPhone

  1. გადადით Settings → General → AutoFill & Passwords-ში და ჩართეთ AutoFill Passwords and Passkeys.
  2. ანგარიშის შექმნისას ან პაროლის შეცვლისას, როცა iPhone პაროლს შემოგთავაზებთ, დააჭირეთ Use Strong Password-ს.
  3. შენახული პაროლები აპლიკაცია Passwords-შია (iOS 18 და უფრო ახალი ვერსიები).

Android

  1. გახსენით Settings, ძებნაში ჩაწერეთ Password Manager და აირჩიეთ.
  2. ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ პარამეტრების ნიშანს და შეამოწმეთ, რომ Offer to save passwords ჩართული იყოს.
  3. Samsung-ის ტელეფონზე პაროლების შემნახველ სერვისს აქ ირჩევთ: Settings → General management → Passwords, passkeys, and autofill → Preferred service.

კომპიუტერი

  1. კომპიუტერზეც იგივე მენეჯერი გამოიყენეთ, რაც ტელეფონზე გაქვთ, რომ პაროლები ორივეგან გქონდეთ: Chrome-ში Google Password Manager, Mac-ზე Apple-ის Passwords, ან ცალკე მენეჯერის აპლიკაცია და ბრაუზერის გაფართოება.
  2. ცალკე მენეჯერი მხოლოდ მისივე საიტიდან ჩამოტვირთეთ, მაგალითად bitwarden.com-დან ან proton.me/pass-დან.
  3. თუ კომპიუტერით თქვენი ოჯახის გარდა სხვებიც სარგებლობენ, ბრაუზერში პაროლებს ნუ შეინახავთ.
აუცილებელი

მონიშნეთ შესრულებულად

როცა რომელიმე საიტიდან მონაცემები გაჟონავს, თავდამსხმელები გაჟონილ პაროლებს ელფოსტაზე, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტბანკშიც ცდიან. პაროლი, რომელსაც მხოლოდ ერთგან იყენებთ, სხვა ანგარიშებს ვერ გახსნის. პაროლების რეგულარულად, ყოველ რამდენიმე თვეში შეცვლა საჭირო არ არის: შეცვალეთ მაშინ, როცა პაროლს სხვაგანაც იყენებთ, სუსტია ან გაჟონილია.

ყველა მოწყობილობა

  1. ჩამოწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიშები: ელფოსტა, Facebook, Instagram, ინტერნეტბანკი, სახელმწიფო სერვისები.
  2. შედით თითოეულში და ძველი პაროლი იმით შეცვალეთ, რომელსაც პაროლების მენეჯერი შექმნის. პაროლის შექმნა ჩვენი პაროლის გენერატორითაც შეგიძლიათ.
  3. ჯერ ელფოსტის პაროლი შეცვალეთ, მერე დანარჩენი.

iPhone

  1. გახსენით Passwords და დააჭირეთ Security-ს.
  2. დააჭირეთ ანგარიშს, რომლის პაროლიც მეორდება, სუსტია ან გაჟონილია, შემდეგ კი Change Password-ს.
  3. Settings → Apps → Passwords-ში შეამოწმეთ, რომ Detect Compromised Passwords ჩართული იყოს.

Google

  1. გახსენით passwords.google.com და აირჩიეთ Password Checkup.
  2. ჯერ გაჟონილი პაროლები შეცვალეთ, შემდეგ განმეორებული.
აუცილებელი

მონიშნეთ შესრულებულად

ორსაფეხურიანი ვერიფიკაციის დროს ახალი მოწყობილობიდან შესასვლელად პაროლთან ერთად მეორე დადასტურებაც გჭირდებათ. მარტო მოპარული პაროლი აღარ კმარა. ყველა მეთოდი ერთნაირად საიმედო არ არის. ყველაზე საიმედოა passkey ან უსაფრთხოების გასაღები, შემდეგ მოდის ავთენტიფიკატორი აპლიკაცია ან ტელეფონზე მოსული დადასტურების მოთხოვნა. ყველაზე სუსტი SMS კოდია, რადგან ნომრის სხვა SIM ბარათზე გადატანა შეიძლება. თუმცა SMS კოდიც ბევრად სჯობს არაფერს.

Google

  1. გახსენით Google-ის ანგარიში და აირჩიეთ Security & sign-in.
  2. განყოფილებაში „How you sign in to Google“ აირჩიეთ Turn on 2-Step Verification და მიჰყევით ნაბიჯებს.
  3. 2-Step Verification-ის გვერდზე გახსენით Backup codes და შეინახეთ კოდები (ნახეთ შემდეგი ნაბიჯი).

Apple

  1. გახსენით Settings, დააჭირეთ თქვენს სახელს, შემდეგ Sign-In & Security-ს.
  2. დააჭირეთ Two-Factor Authentication-ს და მიჰყევით ნაბიჯებს.
  3. თუ მეორე ნომერი გაქვთ, ისიც დაამატეთ სანდო ნომრად. Apple კოდს თქვენს სხვა Apple მოწყობილობებზე ან სანდო ნომერზე გზავნის; ავთენტიფიკატორ აპლიკაციას აქ ვერ გამოიყენებთ.

Facebook და Instagram

  1. Facebook-ის აპლიკაციაში დააჭირეთ მენიუს, შემდეგ Settings & privacy → Settings → Accounts Center. Instagram-ში გადადით პროფილზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ მენიუს, შემდეგ Accounts Center-ს. შესაძლოა, მის ნაცვლად Meta Account settings ეწეროს.
  2. დააჭირეთ Password and security → Two-factor authentication და აირჩიეთ ანგარიში.
  3. თუ შესაძლებელია, აირჩიეთ ავთენტიფიკატორი აპლიკაცია და მიჰყევით ნაბიჯებს.

Microsoft

  1. შედით account.microsoft.com/security-ზე და აირჩიეთ Manage how I sign in.
  2. Two-step verification-ის ქვეშ აირჩიეთ Turn on.
აუცილებელი

მონიშნეთ შესრულებულად

ორსაფეხურიანმა ვერიფიკაციამ შეიძლება ანგარიში თქვენც ჩაგიკეტოთ: თუ ტელეფონს დაკარგავთ და შესვლის სხვა გზა არ გექნებათ, ანგარიშის აღდგენას შეიძლება დღეები დასჭირდეს, ან საერთოდ ვერ აღადგინოთ. სათადარიგო გზა ახლავე მოამზადეთ. ჯერ ახალი ნომერი ან ელფოსტა დაამატეთ და შეამოწმეთ, რომ მუშაობს; ძველი მხოლოდ ამის შემდეგ წაშალეთ.

Google

  1. Google-ის ანგარიშში გახსენით Security & sign-in.
  2. განყოფილებაში „How you sign in to Google“ შეამოწმეთ Recovery phone და Recovery email. წაშალეთ ნომრები და მისამართები, რომლებიც აღარ გეკუთვნით.
  3. გახსენით 2-Step Verification, იპოვეთ Backup codes და აირჩიეთ Get backup codes. ათივე კოდი ამობეჭდეთ ან ჩაიწერეთ და იქ შეინახეთ, სადაც მნიშვნელოვან საბუთებს ინახავთ.

Apple

  1. გახსენით Settings, დააჭირეთ თქვენს სახელს, შემდეგ Sign-In & Security-ს.
  2. Two-Factor Authentication-ში შეამოწმეთ სანდო ტელეფონის ნომრები.
  3. დააჭირეთ Recovery Contacts → Add Recovery Contact-ს და აირჩიეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით. ის თქვენს მონაცემებს ვერ ნახავს, მხოლოდ ანგარიშის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. მას უნდა ჰქონდეს iPhone, iPad ან Mac, რომელზეც iMessage ჩართულია.

Facebook და Instagram

  1. Accounts Center-ში გახსენით Personal details → Contact info და შეამოწმეთ, რომ ელფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები თქვენი იყოს.
  2. გახსენით Password and security → Two-factor authentication, აირჩიეთ ანგარიში, შემდეგ Additional methods.
  3. Facebook-ზე აირჩიეთ Recovery codes, Instagram-ზე Backup codes, და კოდები ჩაიწერეთ.

Microsoft

  1. შედით account.microsoft.com/security-ზე და აირჩიეთ Manage how I sign in.
  2. შეამოწმეთ, რომ სიაში ვერიფიკაციის სულ მცირე ორი გზა იყოს, მაგალითად ტელეფონის ნომერი და მეორე ელფოსტა, და ორივე თქვენი იყოს. როცა ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია ჩართულია, მარტო პაროლით ანგარიშში ვეღარ დაბრუნდებით.
დამატებითი

მონიშნეთ შესრულებულად

როცა სადმე „Sign in with Google“-ს ან „Continue with Facebook“-ს ირჩევთ, ის აპლიკაცია ან საიტი თქვენს ანგარიშს უკავშირდება, ზოგს კი თქვენი მონაცემების წაკითხვაც შეუძლია. ძველი კავშირები რჩება, სანამ თავად არ წაშლით. თუ რომელიმე სერვისში სწორედ ამ გზით დარეგისტრირდით, კავშირის წაშლის შემდეგ იქიდან გამოხვალთ, ამიტომ ჯერ ნახეთ, გაქვთ თუ არა იქ შესვლის სხვა გზა.

Google

  1. გახსენით myaccount.google.com/linkedapps.
  2. აირჩიეთ აპლიკაცია, რომელსაც აღარ იყენებთ, დააჭირეთ See details-ს, შემდეგ Remove access-ს ან Stop using Sign in with Google-ს.

Facebook

  1. კომპიუტერზე დააჭირეთ პროფილის სურათს, შემდეგ Settings & privacy → Settings → Apps and websites.
  2. იმ აპლიკაციის გასწვრივ, რომელსაც აღარ იყენებთ, დააჭირეთ Remove-ს.

Apple

  1. გახსენით Settings, დააჭირეთ თქვენს სახელს, შემდეგ Sign in with Apple-ს.
  2. აირჩიეთ აპლიკაცია, რომელსაც აღარ იყენებთ, და დააჭირეთ Delete-ს.